მისიის განაცხადი

1. უნივერსიტეტი აღიარებს რა ბოლონიის პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებს, თავის საქმიანობას ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებლო სტანდარტები. ამ სტანდარტებზე დაყრდნობით, უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს განახორციელოს უმაღლესი განათლების სივრცეში ქვეყნის განვითარების თანადროული და საზოგადოების მოთხოვნაზე ორიენტირებული თანამედროვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც გამოიხატება კვალიფიციური კადრების მომზადებაში, საავიაციო დარგის საფრენოსნო, საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების მინართულებით. 

2. უნივერსიტეტის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

3. უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანებია ჩამოაყალიბოს და საზოგადოებას შესთავაზოს უმაღლესი განათლების ისეთი პროცესი, რაც უზრუნველყოფს:

ა) პიროვნების პოტენციალის ყოველმხრივ რეალიზებას სხვადასხვა მიმართულებით;

ბ) მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კადრების მომზადებას, რომლებიც აღიარებენ ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, პატივს ცემენ დემოკრატიულ ღირებულებებს და უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას;

გ) პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თავისუფლებას, სამეცნიერო კვლევების სათანადო პირობების შექმნას და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

დ) უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებას, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ურთიერთგაცვლითი პროგრამების რეალიზების მიზნით.