შეთავაზება აბიტურიენტებს

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტებს  სიახლეებს სთავაზობს.

საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ბალტიის საავიაციო აკადემიასთან, საბერძნეთის ოლიმპოს საავიაციო აკადემიასთან და ბელგიის საავიაციო ტრეინინგ აკადემიასთან ერთობლივი სწავლების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საფრენოსნო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები საერთაშორისო სტანდარტებით (EASA) აღიარებულ ლიცენზიას მიიღებენ, რაც ევროპის ქვეყნებში მუშაობის უფლებას იძლევა. 

გაეცანით უნივერსიტეტის შეთავაზებას უკეთ:

რა ფაკულტეტები აქვს საავიაციო უნივერსიტეტს?

საავიაციო უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს სამი ფაკულტეტიდან ერთ-ერთი:

  • საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
    (მისაღები კონტინგენტი - 50. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია ან გეოგრაფია)
  • საინჟინრო ფაკულტეტი
    (მისაღები კონტინგენტი - 440. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია ან გეოგრაფია)
  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
    (მისაღები კონტინგენტი - 230. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება)


უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აბიტურიენტის ცნობარი.

აქვს თუ არა უნივერსიტეტს დაფინანსების სისტემა?

  • საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს 100%-იან გრანტს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით.

  • საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში კი, თუკი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე 100%-იან ან 70%-იან გრანტს მოიპოვებს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან და ისწავლის უფასოდ


(შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი)

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სწავლის საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება.

(შენიშვნა: გადახდის სისტემა მოქმედებს I კურსის II სემესტრიდან)

არის თუ არა გაცვლითი პროგრამები და სად?

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს მესამე კურსიდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ ევროპის უნივერსიტეტებში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და ამასთან ერთად, სტუდენტებს უცხოეთში ყოფნის დროს ენიშნებათ სასწავლო სტიპენდია.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ავიასიმულატორი საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საჰაერო ხომალდები A-22, Cessna 152, Piper Seneca, Boeing 737-200 და ქალაქ თელავში მდებარე აეროპორტი „მიმინო“.

უნივერსიტეტს ჰყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ კურსდამთავრებულთა სტაჟირებას და დასაქმებას.

საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები მესამე კურსიდან პრაქტიკებს გადიან თელავის აეროპორტში არსებულ სასწავლო საჰაერო ხომალდებზე.