ხშირად დასმული შეკითხვები

შემიძლია თუ არა ეროვნული გამოცდებიდან დაფინანსების მოპოვება?

დაფინანსება ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, აბიტურიენტებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან მოიპოვონ 50, 70 ან 100%-იანი დაფინანსება საფრენოსნო, საინჟინრო და ბიზნესის ფაკულტეტებზე. 

გაქვთ თუ არა ბორტგამცილებლის კურსები და როგორ შეიძლება ამ კურსებზე ჩაბარება?

ბორტგამცილებლის კურსები გვაქვს. ამ კურსებს საავიაციო უნივერსიტეტში არსებული "საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი" ახორციელებს. მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ - 277 53 11 ან 599 28 12 80. 

ბორტგამცილებლის კურსებს ძირითადად ავიაკომპანიების დაკვეთით, მათივე თანამშრომლებისთვის ვახორციელებთ. ნებისმიერ ავიაკომპანიას შეუძლია გამოაგზავნოს საკუთარი კადრები და ჩვენ მათ გადავამზადებთ ან მოვამზადებთ.თუმცა ავიაკომპანიისგან დამოუკიდებლად ნებისმიერ მსურველს ასევე აქვს საშუალება გაიაროს ბორტგამცილებლის კურსები. 

კურსზე ჩარიცხვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალური სამედიცინო შემოწმება (შემოწმება უნდა გაიაროთ ქ. თბილისის აეროპორტის დასახლებაში მდებარე სპეციალიზებულ კლინიკაში. შემოწმების გავლისთვის აუცილებელია მიმართვა, რომლის მისაღებად უნდა მობრძანდეთ საავიაციო უნივერსიტეტში)

ინგლისური ენის ცოდნა

კომუნიკაბელურობა

სასიამოვნო გარეგნობა

კურსის გავლისთვის გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის.

საფრენოსნო ფაკულტეტზე რაიმე განსაკუთრებული საგნის ჩაბარებაა საჭირო? მინიმალური კომპეტენციის ზღვარი რამდენია?

საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარება ხდება ჩვეულებრივ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ბარდება ეროვნული გამოცდები სამ ძირითად საგანში(უცხო ენა, უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა) და მეოთხე დამატებითი საგანი(მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია ან ფიზიკა). რაიმე განსაკუთრებულის ჩაბარება საჭირო არ არის. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმდენია, რამდენიც განათლების სამინისტროს აქვს დაწესებული. უნივერსიტეტს თავისი შიდა ზღვარი არ აქვს

სად შეიძლება დავსაქმდე საავიაციო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?

საავიაციო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დასაქმდეთ ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საჰაერო ნავიგაციაში, თბილავიამშენში, ძალოვანი სტრუქტურების საავიაციო ქვედანაყოფებში, სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში, კომპიუტერულ ცენტრებში, ბანკებში, სამოქალაქო ავიაციის მართვის სახელმწიფო სტრუქტურებში, დარგის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებში და სხვა მრავალ ადგილას.

საფრენოსნოზე ჩაბარების მსურველებმა როდის უნდა გავიაროთ სამედიცინო შემოწმება და როდის უნდა წარვადგინოთ ის უნივერსიტეტში?

სამედიცინო შემოწმების გავლა ჩაბარებამდეა სასურველი (მაგრამ არა აუცილებელი), რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ და მომავალში შეძლებთ პილოტად მუშაობას. ამისათვის ჯერ საავიაციო უნივერსიტეტში უნდა მობრძანდეთ, სადაც სპეციალურ მიმართვას მოგცემენ კლინიკაში წარსადგენად. კომისიის დასკვნას უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ წარადგენთ, როდესაც ჩაირიცხებით და რეგისტრაციისთვის გამოცხადდებით უნივერსიტეტში.

სახელმწიფო დაფინანსების 100%-ის აღების შემთხვევაში სახელმწიფო სრულად ფარავს თანხას?

სახელმწიფო დაფინანსების 100%-ის აღების შემთხვევაში, სახელმწიფო დაფარავს მხოლოდ 2250 ლარს, ანუ თანხის იმ რაოდენობას, რაც სახელმწიფოს მიერ არის  დაწესებული.

საფრენოსნო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დიპლომის გარდა კიდევ რა ცნობას მომცემენ?

საფრენოსნო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ყველა კურსდამთავრებული მიიღებს როგორც დიპლომს, ასევე კომერციული პილოტის ლიცენზიას(CPL), რომლის მფლობელსაც უფლება აქვს იმუშაოს პილოტად. გარდა ამისა, თუკი სტუდენტი გაივლის საფრენოსნო მომზადებას მრავალძრავიან სასწავლო თვითმფრინავზე(Piper Seneca), ის მიიღებს ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის ლიცენზიის(ATPL) შესაბამის ცოდნას და შემდგომში შესაბამისი გამოცდილების(1500 ფრენა/საათი) დაგროვებისთანავე მიიღებს ATPL ლიცენზიას. ამ ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გადაისწავლოს სატრანსპორტო მრავალძრავიან თვითმფრინავზე.

გაქვთ თუ არა კოლეჯი?

საავიაციო უნივერსიტეტს კოლეჯი არ აქვს. აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა დამთავრების შემდეგაც გაიცემა შესაბამისი დიპლომი.

საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლის გადასახადში შედის თვითმფრინავზე პრაქტიკული მეცადინეობებიც?

კი, პრაქტიკული მეცადინეობებიც შედის გადასახადში.

რა რაოდენობით უნდა იფრინოს სტუდენტმა თვითმფრინავზე რომ პილოტი გახდეს?

კომერციული პილოტის ლიცენზიის(CPL) მისაღებად საჭიროა იფრინოთ 150 საათი.

რომელი ტიპის თვითმფრინავებზე და სად გავივლი პრაქტიკას?

სასწავლო ფრენები განხორციელდება  ერთძრავიან A-22 და Cessna 152 ტიპის თვითმფრინავებზე და ორძრავიან Piper Seneca-ს ტიპის თვითმფრინავზე.  ფრენები წარმოებს უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ ქ. თელავის აეროდრომზე. 

პილოტის სპეციალობაზე სწავლის შემთხვევაში არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

პილოტის  სპეციალობაზე ჩაბარების მსურველი პირისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუმცა აუცილებელია, რომ მას გავლილი ჰქონდეს საფრენოსნო სამედიცინო-საექსპერტო კომისია სპეციალიზირებულ კლინიკაში.

თანხის გადახდა როგორ ხდება? ერთდროულად თუ ეტაპობრივად?

თანხის გადახდა ხდება სემესტრულად. სტუდენტი წლიური თანხის ნახევარს იხდის სემესტრის დასაწყისში. მეორე ნახევარს შესაბამისად, მეორე სემესტრის დასაწყისში.

რამდენად მაღალია დასაქმების მაჩვენებელი?

დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ავიასპეციალისტებსა და პილოტებს ამზადებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსდამთავრებულები, ყოველთვის მოთხოვნადი კადრები არიან ნებისმიერი დამსაქმებლისთვის.

9 კლასის დამთავრების შემთხვევაში შეიძლება თუ არა თქვენთან სწავლის გაგრძელება?

9 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ორ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ესენია: საჰაერო გადამზიდავის მესამე საფეხური და მოყვარული პილოტის მესამე საფეხური. 9 კლასის განათლებით მხოლოდ ამ საფეხურის გავლას შეძლებთ. მეოთხე საფეხურზე გადასასვლელად, ორივე საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, აუცილებელია სრული საშუალო განათლების ატესტატი.