ავიაცია სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. ძლიერი ავიაცია ქვეყნის სიძლიერისა და წინსვლის საწინდარია. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი იმისა, რომ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ჩვენს ქვეყანაში,1992 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ხოლო 2005 წელს, სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტად. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საავიაციო უნივერსიტეტმა თავისი დაარსებიდან მოკლე პერიოდში მრავალი მფრინავი და ავიასპეციალისტი მოუმზადა როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნებს.