სამაგისტრო პროგრამა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

გაცნობებთ, რომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამის შემსწავლელთა მსურველებზე.

უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია“ ორიენტირებულია საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებაზე.

პროგრამის მიზნებია:

1)მოამზადოს საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის მაგისტრი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, შეძლებს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სამუშაოების მართვას;

2)შეასწავლოს საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის დარგში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციები, მათი შემუშავების მეთოდები და დანერგვისა და განხორციელების გზები;

3)შეასწავლოს ავიასპეციალისტთა, ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციებისა და საავიაციო მარეგულირებლების ფუნქციები, ურთიერთდამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის;

ჩამოუყალიბოს შესაბამის ფორმატში აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი.

საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა B2 დონის ინგლისურის სერტიფიკატის წარდგენა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც შესაბამისი გამოცდის ჩატარება მოხდება უნივერსიტეტის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველს არ უდასტურდება ავიაციის ინჟინრის კვალიფიკაცია, სტატუსის მოპოვებისათვის უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს შიდა სასპეციალიზაციო გამოცდა.

უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ასევე შეიძლება განხორციელდეს, მობილობის ან შიდა მობილობის გზით. პროგრამაზე მიღების პირობები და მიღებასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური ინფორმაცია ყოველწლიურად თავსდება შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და ცნობარში. პროგრამაზე მიღების ზემოაღნიშნული პირობები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას. მისი მიზანია:

საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, რომელსაც ექნება ავია საწარმოების მართვის ინოვაციური მეთოდების, სტრატეგიების შეიმუშავებისა და განავითარების ღრმა და სისტემური ცოდნა.

პროგრამა ასევე ორიენტირებულია მოამზადოს საჰაერო ტრანსპორტის მართვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტი პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.

უზრუნველყოს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტის მომზადება ავიასაწარმოების სტრატეგიული დაგეგმვის  კონტექსტში. 

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს  ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება შესაბამისი  გამოცდების შედეგების საფუძველზე, რაც საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად ითვალისწინებს უნივერსიტეტის  პროგრამების მიხედვით მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების ჩაბარებას, ასევე სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.

ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ALTE B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას. პროგრამაზე ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.