აეროდინამიკური მილი

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აეროდინამიკურ ლაბორატორიაში განთავსებულია უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობის მქონე აეროდინამიკური მილი, რომლის მოდერნიზაცია 2021 წლის ივნისში წარმატებით დასრულდა.იგი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის სენსორებით, სამეცნიერო ხელსაწყოებითა და აეროდინამიკურ პარამეტრების გაზომვისა და შეგროვების კომპიუტერული სისტემით.

აეროდინამიკურ მილზე  შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს მრავალი მიმართულების ისეთი აეროდინამიკური ხასიათის სამეცნიერო ტექნიკური ამოცანები, როგორებიცაა:

  1. სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატებისა და მათი კონსტრუქციული ელემენტების 3D  მოდელებზე ჰაერის ნაკადის გარსდენის კრიტიკული რეჟიმებისა და მათზე მოსული აეროდინამიკური დატვირთვების განსაზღვრა ჰაერის ნაკადის სხვადასხვა სიჩქარეზე.
  2. სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებათა და სამშენებლო ნაგებობათა (ავტომობილების, მათი ელემენტების, მაღლივი კორპუსების, ხიდების, მაღალი სარეკლამო ფარების და სხვ.) 3D მოდელირება და მათზე მოსული აეროდინამიკური დატვირთვების განსაზღვრა.
  3. იმავე ობიექტებისთვის ქარის სხვადასხვა სიჩქარეზე აეროდინამიკური პროცესების კომპიუტერული სიმულაცია, ძალთა ეპიურებისა და ვორტექსების ანიმაციური მოდელების აგება.
  4. თბოფიზიკური პროცესების კვლევა, ტექნიკურ მოწყობილობებში გათბობისა და გაგრილების ეფექტური დინამიკური სისტემების შემუშავება და შემოწმება.
  5. სწრაფადცვლადი აეროდინამიკური პროცესების შესწავლა ვიბრო-აკუსტიკური სენსორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მათი რეზონანსულ სიხშირეთა დადგენა და  ჩახშობის მექანიზმების შემუშავება.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აეროდინამიკური მილის ტექნიკური მახასიათებლები:

  1. ადმ-ის გაბარიტული ზომებია: A=6500 მმ, B=1200-1800 მმ; H=2200 მმ,
  2. სატესტო ზონის ფანჯრები ოვალურია და მათი ზომებია:
  • საქშენის ფანჯარა……………..  670X460 მმ;
  • დიფუზორის ……………………. 10X500 მმ; 
  • გამოსაცდ. ზონის სიგრძე ………… 770 მმ
  • ჰაერის სიჩქარის რეგულირების დიაპაზონი: 0-32 მ/წმ

აეროდინამიკურ ლაბორატორიაში აეროდინამიკური პროცესებისა და ეფექტების  დემონსტრირებისათვის 3D პრინტერზე დაპროექტდა და დაიბეჭდა:

  • თანაბარი მოდელის მქონე გეომეტრიული 3D მიდელები ჰაერის წინააღმდეგობის შესასწავლად: დისკო, სფერო, ნახევარსფერო, ცილინდრი და წვეთი.
  • ფრთის სტანდარტული პროფილი NACA-0012, შეტევის კუთხის რეგულირებით
  • მაგნუსის ეფექტის მოქმედი მოდელი
  • SpaceX-ის რაკეტა Starship-ის ატმოსფეროში შემოსვლისა და დამუხრუჭების პროცესის 3D მოდელი დისტანციური მართვით;
  • ქარის 3 გენერატორიანი ლონდონის ცათამბჯენის STRATA SE1 3D მოდელი, ჭარბი წნევებისა და ვაკუუმის პარამეტრების გაზომვის შესაძლებლობით და კომპიუტერული სიმულაციით.

ამჟამად უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აეროდინამიკის საკითხების თვალნათლივი დემონსტრირების მიზნით მომზადებულია  ხუთი ლაბორატორიული სამუშაო, რომლებიც გარდა თეორიული საფუძვლებისა, დაკომპლექტებულია თემის შესაბამისი აეროდინამიკური 3D მოდელებით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აეროდინამიკურ მილში თვითონ ჩაატარონ ექსპერიმენტები და მაღალი სიზუსტით გაზომონ 3D მოდელების აეროდინამიკური პარამეტრები.