საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ახლო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდა გახლავთ. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა ნატახტრის აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენები განახორციელეს A22 LS ტიპის ორადგილიანი სასწავლო საჰაერო ხომალდით.
“დღეს პირველად მოვემსახურეთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებულ სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს, რისთვისაც ძალიან მოხარული ვართ. ქუთაისის აეროპორტი მუდმივად მზად არის მსგავს სასწავლო ფრენებს მუდმივად მოემსახუროს. ასეთი სახის საწვრთნელი ფრენები ჩვენს აეროპორტში მუდმივად განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას.-‘’ განაცხადა ქუთაისის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერმა, გიორგი გოდუაძემ.
აღსანიშნავია, რომ ასეთივე სახის ფრენები ამბროლაურის აეროპორტში უკვე განხორციელდა.