კვლევა

კვლევა

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას  „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის, აგრეთვე უნივერსიტეტის წესდების და ცენტრის დებულების შესაბამისად.

ცენტრი ემსახურება  უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და პოპულარიზაციას ავიაციის დარგში, საფრენოსნო-საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტისათვის ეფექტიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გზით.

ცენტრის მიზანს წარმოადგენს კვლევის პერსპექტიული, პრიორიტეტული მიმართულებების  შესაბამისი  მეთოდოლოგიური საკითხების დამუშავება და  მათ საფუძველზე  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება. სამოქალაქო ავიაციის, ავიამშენებლობის და მონათესავე დარგებში მაღალკვალიფიციური  დოქტორანტების და მაგისტრანტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. საქმიანი ურთიერთობების  დამყარება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მოწინავე კვლევით დაწესებულებებთან, კვლევის შედეგების ინტეგრირება სასწავლო პროცესში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს სს „თამ“ თბილავიამშენის და სსსტც „დელტა“-ს მეცნიერ თანამშრომელთა ჯგუფთან, რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტთან, თსუ-ს არნოლდ ჩიქონავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. დარგის ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, ტარდება სემინარები, კონფერენციები, კვლევითი ვიზიტები, სიმპოზიუმების და სხვა აქტივობები.

ცენტრის მუშაობის ფარგლებში უნივერსიტეტში გამოიცემა ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი „საჰაერო ტრანსპორტი“, ტარდება ყოველწლიური სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, მის ბაზაზე ფუნქციონირებს სტუდენტური საკონსტრუქტორო ბიურო, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ არსებული ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსებით, განახორციელონ სხვადასხვა სახის პროექტები და გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა ექსპერიმენტალურ სამუშაოებში მონაწილეობით.

ჩატარებული კვლევები:

ჩატარებული კვლევები:

  • ISTC – პროექტი G-060 ცვალებადი გეომეტრიის ხრახნი და მისი მართვის საშუალებები.
  • საჰაერო ხრახნისთვის ინტეგრირებული მუდმივმაგნიტებიანი ძრავა-გენერატორული მოწყობილობების შექმნა.
  • საავიაციო აირტურბინული ძრავას ტურბინის ნიჩბების გაგრილების სიტემის მუშაუნარიანობის სტაბილურობის გაზრდა.
  • ეკოლოგიური კატასტროფების პრევენცია დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატების გამოყენებით.
  • განზოგადებული ფუნქციების გამოყენებით ფირფიტოვანი კონსტრუქციების გაანგარიშება.
  • ტურბულენტური აეროდინამიკური ნაკადების მათემატიკური მოდელირება ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების შესწავლის მიზნით.
  • ონტოლოგიური მოდელი ადამიანურ კომპეტენციათა შეფასებისთვის საქართველოს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში.
  • საფრენი აპარატების კომპოზიტური შემონაკერების სიმტკიცეზე ანგარიშის მეთოდების შედარებითი ანალიზი.
  • ერთიან საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების მართვის მეთოდები ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • საჰაერო ხრახნების ეფექტურობის ამაღლება მათი გეომეტრიული ფორმების ოპტიმიზაციის გზით.
მიმდინარე კვლევები:

მიმდინარე კვლევები:

მიმდინარე ეტაპზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროექტებით გათვალისწინებული კვლევები სხვადასხვა მიმართულებით.

  1. პროექტის სახელწოდება – „საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების ამაღლება საავიაციო ძრავებზე დამცავი ბადეების სისტემის გამოყენებით“, პროექტის შიფრი – AR-22-476.

საგრანტო პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ხორციელდება გამოყენებითი კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კვლევის თემატიკა  დაკავშირებულია საჰაერო ხომალდების, შვეულმფრენების, მცირე ავიაციის თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატების, ელექტრო თვითმფრინავების საავიაციო ძრავების უცხო სხეულების მოხვედრისგან დაცვის ახალ, უფრო მეტი უსაფრთხოების პოტენციალის მქონე დამცავი ბადეების სისტემის შექმნასთან.

პროექტის ხორციელდება ორი წლის ვადაში და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობა, კერძოდ: ფიზიკური პროცესების მათემატიკურ მოდელირება, სიმულაციური ანალიზის ჩატარებას Ansys, Solidwork, Nastran და სხვა თანამედროვე პროგრამული პაკეტების გამოყენებით, სპეციალური  სატესტო მოწყობილობა-დანადგარების დაპროექტება-დამზადება, დამცავ ბადეთა ახალი სისტემების სტატიკური და დინამიკური ექსპერიმენტული კვლევების ჩატარებას, მათ შორის, ექსტრემალურ ტემპერატურულ დიაპაზონში და აეროდინამიკურ მილში დამცავ ბადეთა სისტემების გამოკვლევა.

  1. პროექტის სახელწოდება – „საავიაციო ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი“, შიფრი – FR-23-21262

კვლევის მიზანია ქართულ საავიაციო ტერმინოლოგიაში გაუმართავი ფორმების, არასწორი ინტერპრეტაციის, ქართულ ენაზე დაუზუსტებელი ცნებებისა და სხვა სახის სიჭრელის მატარებელი ტერმინოლოგიის შესწავლა და გამოვლენა. ავიაციის დარგის სპეციალისტებისა და ენათმეცნიერების ერთობლივი მუშაობით ნორმატიულ ტერმინებზე შეთანხმება და ამის საფუძველზე საავიაციო ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონის დამუშავება. ლექსიკონში თემატურად  წარმოდგენილი იქნება ენობრივად გამართული ძირითადი საავიაციო ტერმინები. ლექსიკონის შექმნა წარმოადგენს ქართული საავიაციო ტერმინოლოგიისა და ენობრივი რესურსების განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რაც თანხვედრაშია სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებთან და ხელს შეუწყობს ქართული ენის სრულფასოვან ფუნქციონირებასა და დაცვას.

  1. პროექტის სახელწოდება – „ჰაერსატარ მოწყობილობებში მრავალკომპონენტიანი მყარი ნაწილაკების შემცველი ნარევი ნაკადების მახასიათებლების კვლევა, მათი გაზომვისა და  დეტექტირების ეფექტური მეთოდოლოგიის დამუშავება“, შიფრი – FR-23-13321

  კვლევის მიზანია შემუშავდეს მყარი ნაწილაკების შემცველი ჰაერის მრავალკომპონენტიანი ნარევი ნაკადის პარამეტრების გაზომვის ეფექტური მეთოდოლოგია. შედეგად, შესაძლებელი იქნება საავიაციო აირტურბინულ ძრავებში რეალურ საექსპლუატაციო პირობებში, მათში  გამავალი გარეშე ნაწილაკების დეტექტირება, ფიზიკური და რაოდენობრივი მახასიათებლების შეფასება.

  1. პროექტის სახელწოდება – „საავიაციო დარგობრივი ილუსტრირებული ქართულ-ინგლისური სასწავლო ლექსიკონი“, პროექტის შიფრი – SL-22-476.

გამოყენებით კვლევებთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი ქართული ენის ტექნიკური ტერმინოლოგიის სრულყოფის საკითხებს. მიმდინარე ეტაპზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ახორციელებს კვლევას, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით. კვლევა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი საგრანტო კონკურსის ფარგლებში და პროექტის საბოლოო მიზანია, ახალი ილუსტრირებული საავიაციო დარგობრივი ლექსიკონის შექმნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის კუთხით.

  1. საგრანტო წინადადება Horizon Europe დაფინანსების მიღების მიზნით თემაზე „მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატის დაპროექტება და წარმოება“

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ინოვაციური კომპანია „დეკემბერი 32-ის“ და დრონების მწარმოებელ პოლონურ კომპანია „სპექტერ სოლუშენის“ კონსორციუმის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საავიაციო დარგის სხვა პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია მხარეებმა ერთობლივად განავითარონ სამოქალაქო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში, მათ შორის კვლევებისა და ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, ფრენების ოპერირებისა და წარმოების მიმართულებით.