Blog

ინფორმაცია სტუდენტური დაზღვევის შესახებ

სტუდენტური დაზღვევის უპირატესობები
News / Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტური დაზღვევის შესახებ

რა მომსახურებებზე ისარგებლებთ სრული დაფინანსებით? 

„ევექსის“ კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სტუდენტებს
ოჯახის ექიმის მომსახურებით სარგებლობა 100%-იანი დაფინანსებით შეუძლიათ,
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ოჯახის ექიმის ბინაზე გამოძახებაც.
ექიმის დანიშნულებით სრულად ფინანსდება ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის,
კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგისა და
ქირურგის კონსულტაცია.
სტუდენტური დაზღვევა სრულად ფარავს ექიმის დანიშნულებით ჩატარებულ
რამდენიმე ინსტრუმენტულ კვლევას. მათ შორისაა ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის
მომნელებელი სისტემის ტრანსაბდომინალური ექოსკოპია, შარდ-სასქესო სისტემისა და
მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
და ძვლების რენტგენოგრაფია.
100%-ით ფინანსდება რიგი ლაბორატორიული კვლევებიც, მათ შორის სისხლისა და
შარდის საერთო ანალიზი, ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში, განავლის ანალიზი
ფარულ სისხლდენაზე, სისხლში გლუკოზის, კრეატინინისა, ქოლესტერინის და
პროთრომბინის დროის განსაზღვრა, ასევე კვლევები ღვიძლისა და ფარისებრი
ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად.
სრულად ფინანსდება ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური
აცრები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მისანიჭებლად
საჭირო გამოკვლევებიც, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა.

რა პირობებით ფინანსდება კომპიუტერული ტომოგრაფია?
კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში პროგრამა კვლევის ღირებულების 80%-ს
ფარავს. დარჩენილ 20%-ს პაციენტი თავად იხდის.
რა დამატებითი ფასდაკლებები მოქმედებს
სტუდენტებისთვის?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების გარდა, სტუდენტებს რამდენიმე
დამატებითი ფასდაკლებითაც შეუძლიათ სარგებლობა.
კლინიკა „ნიუ დენტის“ სერვისებზე 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება და მისი
გამოყენება კლინიკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
იმ სამედიცინო მომსახურებებზე, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება,
30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.

როგორ შეიძლება პროგრამაში რეგისტრაცია?

პროგრამით სარგებლობისთვის საკმარისია მიმართოთ ,,ევექსის” სასურველ კლინიკას.
რეგისტრაციისას საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
ასევე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ „ევექსის“ ცხელ ხაზზე: 032 2 55 05 05,
დააფიქსიროთ მოთხოვნა და კლინიკის წარმომადგენელი თქვენთვის სასურველ
მისამართზე გესტუმრებათ ან გადადით ვებსაიტზე განთავსებულ სარეგისტრაციო
ფორმაზე, დატოვეთ თქვენი მონაცემები და წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.
ამის შემდეგ სტუდენტი კლინიკაში უნდა მივიდეს და ადგილზე გაიაროს რეგისტრაცია.
თუ ის არასრულწლოვანია, რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდეს მშობელი ან მეურვე და
ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს. ასევე, საჭიროა არასრულწლოვნის დაბადების
მოწმობა და მშობლის ან მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რა ხდება, თუ საჭირო მომსახურებას სახელმწიფო
პროგრამა არ ფარავს?

თუ საჭირო სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება,
დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის გზაც არსებობს.
ამისთვის საჭიროა “ევექსის” ოჯახის ექიმისთვის მიმართვა. ექიმის მიერ შედგენილი
ფორმა 100-ის საფუძველზე შესაძლებელია საჭირო სამედიცინო მომსახურების
დაფინანსების მოთხოვნა შესაბამის სახელმწიფო უწყებაში, ადგილობრივ რაიონულ
გამგეობაში ან მერიაში.

დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა შეიძლება ეხებოდეს როგორც გეგმურ და
გადაუდებელ ქირურგიულ მომსახურებას, ისე სხვა მაღალტექნოლოგიურ
გამოკვლევებს.

რა არის გასათვალისწინებელი ექიმთან ვიზიტამდე?

ზოგიერთ სპეციალისტთან კონსულტაციისა და კვლევების ჩასატარებლად ოჯახის
ექიმის დანიშნულებაა საჭირო. ამიტომ, ჯანმრთელობის პრობლემის არსებობისას,
როდესაც არ არის გარკვეული, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოთ, პირველ რიგში
ოჯახის ექიმთან დაკავშირებაა რეკომენდებული.
ასევე სასურველია წინასწარ გადამოწმდეს, შედის თუ არა კონკრეტული მომსახურება
დაფინანსებულ სერვისებში და რა ნაწილი იფარება პროგრამის ფარგლებში.