Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი EAIE 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გლაზგოში

WhatsApp Image 2026-09-16 at 23.25.18
News / Post / Uncategorized / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი EAIE 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გლაზგოში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო EAIE-ის 36-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაში, რომელიც 2026 წლის 8–11 სექტემბერს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაიმართა. EAIE წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს საერთაშორისო უმაღლესი განათლების კონფერენციას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმას უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდა 7,300-ზე მეტი საერთაშორისო განათლების სფეროს წარმომადგენელი, დაახლოებით 1,200 ორგანიზაციიდან და 107 ქვეყნიდან, რაც კონფერენციის მონაწილეებს პროფესიული კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების განვითარების ფართო შესაძლებლობას აძლევდა.

კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იყო 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებით, მათ შორის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტით. კონფერენციის ფარგლებში GAU-ის წარმომადგენლებმა, რექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტეფნაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა ცოტნე იაშვილმა შეხვედრები გამართეს 30-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან. შეხვედრების მიზანი იყო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის გაცნობა, საერთო ინტერესების სფეროების გამოვლენა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ ავიაციისა და აერონავტიკის, საინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მომიჯნავე მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამებს.

შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ძირითადი მიმართულებები მოიცავდა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, აკადემიურ თანამშრომლობას, ასევე ერთობლივი და ორმაგი დიპლომის პროგრამების განვითარების შესაძლებლობებს. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა პოტენციურ პარტნიორებთან ასევე წამოიწყო მოლაპარაკებები Erasmus+ KA171 საერთაშორისო მობილობისა და Erasmus+ KA2 შესაძლებლობების განვითარების (Capacity Building) პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. არაერთმა ევროპულმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოხატა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების მიმართ.

კონფერენციის დასრულების შემდეგ GAU გააგრძელებს გლაზგოში შეხვედრილ უნივერსიტეტებთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებს, რათა მიღწეული პირველადი შეთანხმებები კონკრეტულ პარტნიორობებსა და ერთობლივ ინიციატივებში გადაიზარდოს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა Erasmus+-ის მომავალ საგრანტო კონკურსებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან ახალი მობილობისა და შესაძლებლობების განვითარების პროექტების განხორციელებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის.